Loading data...
ტრამპი დონბასზე: ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისე დატოვეთ, როგორც არის, მათ შეუძლიათ, მოგვიანებით რაღაცაზე მოილაპარაკონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა უნდა შეწყვიტონ ბრძოლა იმ ხაზებზე, სადაც ამჟამად იმყოფებიან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არასდროს უსაუბრია დონბასის რუსეთისთვის ჩაბარების თაობაზე. ამის შესახებ მან Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, წერს Reuters-ი.

„არა, ჩვენ არასდროს განგვიხილავს ეს საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი უბრალოდ უნდა გაჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც არიან, ფრონტის ხაზზე. დანარჩენის განხილვა ძალიან რთულია, თუ ვიტყვით: „თქვენ ეს აიღეთ, ჩვენ ამას ავიღებთ“, - განაცხადა მან.

დონბასის ბედთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ის გაყოფილი უნდა დარჩეს.

„დაე, ისე გაიყოს, როგორც არის. ახლა უკვე გაყოფილია. ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ისე დატოვეთ, როგორც არის. მათ შეუძლიათ... მოგვიანებით რაღაცაზე მოილაპარაკონ“, - განაცხადა ტრამპმა Reuters-ის კორესპონდენტის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპმა ეს წინადადება მას შემდეგ წამოაყენა, რაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვს ნებაყოფლობით არცერთ ტერიტორიას არ დაუთმობდა.

„შეხვედრა (ტრამპის) გადაწყვეტილებით დასრულდა, დაიდოს „შეთანხმება იქ, სადაც ამჟამად ვართ, გამყოფ ხაზზე“, - განაცხადა წყარომ.

ამავდროულად, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის გამართული შეხვედრა მიუთითებს, რომ ტრამპი შესაძლოა, კვლავ ცდილობდეს შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად დადებას, მაშინაც კი, თუ პირობები კიევისთვის უსიამოვნოა, აღნიშნავს Reuters-ი. 

„ეს საკმაოდ ცუდი იყო. გზავნილი იყო: „თქვენი ქვეყანა გაიყინება და განადგურდება“, თუ უკრაინა რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

კიდევ ერთმა წყარომ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინა „განადგურდება“. თუმცა, ორივე წყაროს თქმით, ტრამპმა რამდენჯერმე უცენზურო სიტყვები გამოიყენა.