ტრამპი და პუტინი უკრაინას ეუბნებიან: „მოაწერეთ ხელი ჩვენს შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამარცხდებით“ - The Telegraph
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათამდე, 27 ნოემბრამდე, დაეთანხმოს მათ „სამშვიდობო გეგმას“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დამარცხდება.
The Telegraph-ის ცნობით, ტრამპი ამ ვადას „მიზანშეწონილად“ მიიჩნევს და იმუქრება, რომ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აშშ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს.
რა თქვა პუტინმა?
პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები“ კვლავ „ოცნებობენ“, დაამარცხონ რუსეთი ბრძოლის ველზე და აღნიშნა, რომ მისი ძალები ახალ ტერიტორიებს ძალით დაიკავებენ:
„თუ კიევს არ სურს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებების განხილვა და უარს ამბობს ამაზე, მაშინ როგორც მას, ასევე ევროპელ ომის მომხრეებს უნდა ესმოდეთ, რომ კუპიანსკში მომხდარი მოვლენები გარდაუვალად განმეორდება ფრონტის სხვა მნიშვნელოვან რაიონებში“.
რას ფიქრობს ევროპა?
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ამ „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებებიდან დიდი ბრიტანეთისა და ევროპის „გარიცხვა“ კიევის „კაპიტულაციას“ გამოიწვევს.
„იმ დროს, როცა ვაშინგტონი და მოსკოვი ევროპული უსაფრთხოების მომავალზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ევროპა განზე რჩება“, - აღნიშნა მან.
ამასობაში, როგორც გამოცემამ აღნიშნა, ნატოს 32 ეროვნული ელჩი ფინეთში ლაპლანდიას სტუმრობდა, სადაც „სამშვიდობო გეგმის“ გამოცხადებისას მათ საუნები მიიღეს და გაყინულ კემის მდინარეში ბანაობდნენ.
ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროპული ქვეყნები არ იყვნენ ინფორმირებულნი აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსის შესახებ და ამის თაობაზე მედიიდან შეიტყვეს.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ევროპაში არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი აშშ-რუსეთის „სამშვიდობო გეგმას“. ყველამ აღნიშნა, რომ უკრაინის ბედის მისი მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტა არასწორი იყო.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ტრამპის მეგობარმა, გაერთიანებული სამეფოს „რეფორმების“ პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმაც კი განაცხადა, რომ „სამშვიდობო გეგმა“ მიუღებელია:
„მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის არმიის განახევრების მოთხოვნა მისაღებია. ველოდები ზელენსკის მთავრობისგან საპირისპირო წინადადებას“.