Loading data...
ტრამპი: ჩვენ გვინდა, რომ ღაზას მოსახლეობა გამოიკვებოს, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, ღაზას მოსახლეობა გამოიკვებოს. ამის შესახებ მან სააგენტო Axios-სთან ინტერვიუში ისაუბრა, იუწყება The Times Of Israel-ი. 

„ჩვენ გვინდა, ადამიანებს დავეხმაროთ. გვინდა, დავეხმაროთ მათ, რომ იცოცხლონ. გვინდა, რომ ხალხი გამოიკვებოს. ეს ისეთი რამ არის, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

საინფორმაციო სააგენტოსთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა „ჰამასი“ ღაზაში შესული დახმარების მოპარვასა და გაყიდვაში დაადანაშაულა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ არ მიუღია მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მისი სპეციალური წარმომადგენლისგან სტივ უიტკოფისგან, რომელიც ჰუმანიტარული სიტუაციის შესაფასებლად ღაზაში იმყოფებოდა. ტრამპის თქმით, უიტკოფი „შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს“.

ამავდროულად, ტრამპმა უარი თქვა ახალი ჰუმანიტარული გეგმის დეტალების გამხელაზე, რომელსაც თეთრი სახლი მალე გამოაცხადებს.

როდესაც ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებაზე ჰკითხეს, რომ აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ ღაზაში ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევაზე მას შემდეგ, რაც ეტაპობრივი ჩარჩოს შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას კიდევ ერთხელ ჩიხში შევიდა, ტრამპმა უპასუხა: „მალე ნახავთ“.