Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ თუ მოკავშირეები აშშ-ს ირანთან ომში არ დაეხმარებიან, ნატოს მომავლისთვის ეს „ძალიან ცუდი იქნება“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, შეუერთდნენ ირანის წინააღმდეგ მის სამხედრო მოქმედებებს და გააფრთხილა, რომ ნატოს „ძალიან ცუდი“ მომავალი ელის, თუ მისი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარებიან. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სრუტით სარგებლობის მომტანი პირები უბრალოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ იქ ცუდი არაფერი მოხდება... თუ რეაგირება არ იქნება, ან თუ რეაგირება უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ნატოს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე გააკრიტიკა ნატო და ახსენა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის.

„ჩვენ გვყავს ნატო. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. არ გვჭირდებოდა მათთვის უკრაინასთან დაკავშირებით დახმარება.  უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა... მაგრამ ჩვენ მათ დავეხმარეთ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან, თუ არა ისინი. რადგან დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან და დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი ჩვენთან იქნებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაში ჩინეთისგან დახმარებას ელოდება.

„ვფიქრობ, ჩინეთიც უნდა დაგვეხმაროს, რადგან ჩინეთი ნავთობის 90%-ს სრუტიდან იღებს“, - განაცხადა ტრამპმა.

მან დასძინა, რომ სი ძინპინთან ორ კვირაში დაგეგმილ სამიტამდე პასუხის ლოდინი „ძალიან ხანგრძლივია“ და აღნიშნა, რომ მისი ჩინეთში ვიზიტიც შეიძლება გადაიდოს. „შეგვიძლია, გადავდოთ“, - განაცხადა ტრამპმა, თუმცა არ დააკონკრეტა, რამდენი ხნით. 

ამასთან, მან კვლავ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ომში დახმარებაზე უარის თქმის გამო: „შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი ნომერ პირველ მოკავშირედ, ყველაზე დიდი ხნის მოკავშირედ ჩაითვალოს, მაგრამ, როდესაც მათ მოსვლა ვთხოვე, მათ არ ისურვეს მოსვლა... და როგორც კი ჩვენ ეფექტურად გავანადგურეთ ირანის სახიფათო პოტენციალი, მათ თქვეს: „კარგი, ჩვენ ორ გემს გავგზავნით“, მე კი ვუთხარი: „ეს გემები გამარჯვებამდე გვჭირდება და არა მის შემდეგ“.

მან ასევე განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში მოკავშირეებისთვის საფრთხე მინიმალური იქნება, რადგან აშშ-მა და ისრაელმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანის სამხედრო შესაძლებლობები გაანადგურეს.

კითხვას, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი, მართალია, თუ არა ეს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გარკვეულწილად დავეხმარეთ უკრაინას. ძნელი სათქმელია: „თქვენ ჩვენ გვესხმით თავს, მაგრამ ჩვენ ვეხმარებოდით უკრაინას“.