Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ პუტინით უკმაყოფილოა და მომავალ კვირას რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან“ განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთით და ორშაბათს (14 ივლისს) „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებას გეგმავს.

„მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში“, - განუცხადა ტრამპმა NBC News-ს, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.

ამავდროულად, მან პირობა დადო, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. 

„ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ინტერვიუში ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო. მისივე თქმით, მოელის, რომ სენატი მიიღებს სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორ ლინდსი გრეჰემის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ სანქციებს ეხება.

„მე თვითონ გადავწყვეტ, მინდა თუ არა მისი გამოყენება. ისინი ძალიან სერიოზული და ძალიან მკაცრი სანქციების შესახებ კანონპროექტს მიიღებენ, მაგრამ პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა მისი გამოყენება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან არაფერი იცის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის განკარგულების შესახებ, რამაც უკრაინაში იარაღის დაგეგმილი მიწოდება შეაჩერა.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ჰეგსეთი „შესანიშნავ საქმეს აკეთებს“.