Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ პაკისტანში დელეგაციის ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა - „გაცილებით უკეთესია და შეიძლებოდა, უფრო უკეთესიც ყოფილიყო“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ რაც პაკისტანში თავისი წარმომადგენლების ვიზიტი გააუქმა, ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ტრამპის თქმით, მან ირანისგან ვიზიტის გაუქმებიდან სულ რამდენიმე წუთში უკეთესი შეთავაზება მიიღო.

„მათ მოგვაწოდეს დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. საინტერესოა, როგორც კი ვიზიტი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი გააუქმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამერიკულ დელეგაციას არ უღირს პაკისტანში 18-საათიანი ფრენა მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებს ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი გააჩნია.