Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით ირანის ბოლო წინადადებით უკმაყოფილოა - „მე არ მირჩევნია დაბომბვის განახლება, მაგრამ ეს არის ვარიანტი“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ირანის მიერ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო წინადადებით. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. 

„მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ამით კმაყოფილი არ ვარ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპმა არ დააკონკრეტა, ირანის უახლეს დოკუმენტში რისი მიღება არ შეუძლია და მიანიშნა, რომ თეირანის ოფიციალური პირები შესაძლოა, ვერასდროს მივიდნენ ომის მოლაპარაკების გზით მოგვარებამდე.

„მათ გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ მიზანს ოდესმე მიაღწევენ“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი ვარიანტები დიდ სამხედრო ესკალაციას ან შეთანხმების დადებას მოიცავს. 

„არსებობს ვარიანტები. გვინდა, უბრალოდ გავანადგუროთ ისინი და სამუდამოდ გავანადგუროთ? თუ გვინდა, შევეცადოთ შეთანხმების დადებას. ეს არის ვარიანტები“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „ადამიანური თვალსაზრისით მას დაბომბვა არ ურჩევნია.

„მე არ მირჩევნია, მაგრამ ეს არის ვარიანტი: გვინდა, რომ იქ ძლიერად შევიდეთ და უბრალოდ გავანადგუროთ ისინი, თუ გვინდა რაღაცის გაკეთება?“, – განაცხადა ტრამპმა.