Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირას სი ძინპინს შეხვდება და მას რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტაზე ესაუბრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის საკითხზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის ჩინეთის ლიდერს მომავალ კვირას სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს შეხვდება.

კითხვაზე, ექნება თუ არა საუბარი სი ძინპინისთან ჩინეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვებზე, ტრამპმა უპასუხა, რომ მას სურს ჩინეთის ლიდერთან ამის შესახებ საუბარი, რადგან ეს შესყიდვები „ომის დაფინანსებას“ ნიშნავს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედებმა ჯო ბაიდენმა და ბარაკ ობამამ „რუსეთი და ჩინეთი გაერთიანებისკენ აიძულეს“.

„ჩინეთი ცოტა განსხვავებულია. ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას მეშვეობით ჩინეთმა და რუსეთმა იძულებით შექმნეს კავშირი და ეს არასდროს უნდა დაშვებულიყო. მათ არ შეუძლიათ, მეგობრულები იყვნენ, ბუნებით ასეთები არ შეუძლიათ, იყვნენ“, - აღნიშნა მან.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის სი ძინპინისთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებზე ისაუბრებს.

„მე მასთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, დავასრულოთ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის: იქნება ეს ნავთობის, ენერგეტიკის, თუ სხვა რამის მეშვეობით. და მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან მიმღები იქნება... ახლა მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - დაასკვნა აშშ-ის პრეზიდენტმა.