ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ განაახლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისგან ბოდიში მიიღო „ანტიტარიფული“ სატელევიზიო რეკლამისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები არ განახლდება. ამის შესახებ მან Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განახლდება თუ არა მოლაპარაკებები თეთრ სახლსა და მარკ კარნის ადმინისტრაციას შორის, ტრამპმა უპასუხა, რომ არა.
„არა, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ძალიან მიყვარს, მაგრამ, იცით, რაც გააკეთეს, არასწორი იყო. ის ძალიან თავაზიანი იყო. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რაც რეკლამასთან დაკავშირებით გააკეთეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მედიის ცნობით, იმავე დღეს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა განაცხადა, რომ მიზანია, აშშ და კანადა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ და ქვეყნებმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ნავთობის, გაზისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების საკითხებში.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ კანადას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს ონტარიოს პროვინციის სატელევიზიო რეკლამის საპასუხოდ, რომელიც შეერთებულ შტატებში გადაიცა. რეკლამაში ნაჩვენებია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის გამოსვლების ამონარიდები, სადაც ის ტარიფებს აკრიტიკებს.