ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას გაიმართოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას გაიმართოს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ საჭირო არ იქნება ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება, რომლის ვადაც 21 აპრილს იწურება. აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები სამუდამო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.
ტრამპის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელმოწერის ცერემონიაზე პაკისტანშიც კი გაემგზავროს.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ირანთან დაკავშირებული გემების ბლოკადა, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, მოლაპარაკების მაგიდასთან ირანის მისაყვანად ეფექტური ინსტრუმენტი იყო.
„ირანს შეთანხმების დადება სურს და ჩვენ მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ქონის უფლება. მისი მტკიცებით, თეირანი უკვე დათანხმდა ამ მოთხოვნას და იმას, რომ უარი თქვას მაღალგამდიდრებული ურანის მარაგზე.
„ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს... და, ვფიქრობ, რომ ეს დაახლოებით ოთხკვირიანი დაბომბვისა და ძალიან ძლიერი ბლოკადის კომბინაციის შედეგია“, - დასძინა ტრამპმა.