ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებები სურს, თუმცა „ძალიან გვიანია“
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს ვაშინგტონთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობა აღარ არსებობს.
„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: „ძალიან გვიანია!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებს დათანხმდა.
„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ მათ დაველაპარაკები. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ“, - განაცხადა ტრამპმა 1-ელ მარტს.
სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა, ბოლო რაუნდი კი გასულ კვირას ჟენევაში დასრულდა.