ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და აშშ და ირანი მას ერთობლივად გააკონტროლებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და დასძინა, რომ მას სურს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი აშშ-ისა და ირანის ერთობლივი კონტროლის ქვეშ იყოს.
CNN-ის კორესპონდენტის კითხვას, თუ როდის უნდა ველოდოთ სრუტის ხელახლა გახსნას, ტრამპმა უპასუხა: „ის ძალიან მალე გაიხსნება“, თუ ირანთან მოლაპარაკებები სწრაფად გაგრძელდება.
„ის ერთობლივად გაკონტროლდება. მე და აიათოლა, ვინც არ უნდა იყოს აიათოლა, ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა. ასევე იქნება რეჟიმის შეცვლის ძალიან სერიოზული ფორმა“, - განაცხადა ტრამპმა და ახსენა დარტყმები, რომლებიც კონფლიქტის პირველ საათებში განხორციელდა, რამაც ირანის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის სიცოცხლე შეიწირა.
„რეჟიმის ცვლილება ავტომატურად ხდება“, - აღნიშნა მან და მიანიშნა, რომ ირანთან გამართული მოლაპარაკებები კონფლიქტის განმუხტვის მხრივ იმედისმომცემი იყო.
„მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ზოგიერთ ადამიანთან, რომლებიც, ვფიქრობ, ძალიან გონივრულები და ძალიან სტაბილურები არიან. შიდა ადამიანებმა იციან, ვინ არიან ისინი, ისინი ძალიან პატივსაცემები არიან და შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ზუსტად ის იყოს, ვისაც ჩვენ ვეძებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპის მტკიცების ფონზე, ირანი აშშ-სთან რაიმე დიალოგის არსებობას უარყოფს.