Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ „ჰამასის“ გადაწყვეტილებას „საბოლოო“ სამშვიდობო წინადადებასთან დაკავშირებით 24 საათში ელის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდა თუ არა პალესტინური სამხედრო დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „საბოლოო წინადადების“ მიღებას. ამის შესახებ Reuters წერს. 

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან საუდის არაბეთთან აბრაამის შეთანხმებების გაფართოებაზე ისაუბრა, რომელიც ეხება ურთიერთობების ნორმალიზებას ისრაელსა და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანას შორის.

1-ელ ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა მიიღო პირობები, რომლებიც საჭიროა „ჰამასთან“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რათა მხარეებმა ომის დასრულებაზე იმუშაონ. 

4 ივლისს კი მას ჰკითხეს, დათანხმდა თუ არა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი შეთანხმების ჩარჩოს, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება, ამას მომდევნო 24 საათის განმავლობაში გავიგებთ“.

„ჰამასთან“ დაახლოებულმა წყარომ 3 ივლისს განაცხადა, რომ ისლამისტურმა დაჯგუფებამ მოითხოვა გარანტიები, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადება ღაზაში ისრაელის ომს დაასრულებს. 

ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა კი განაცხადა, რომ ეს დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.