ტრამპი აცხადებს, რომ 19 მაისს პუტინს დაურეკავს, შემდეგ კი ზელენსკის - „საუბრის თემა სისხლის ღვრის შეჩერება იქნება“

თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ ორშაბათს, 19 მაისს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს დაურეკავს, ხოლო შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს, რომ სატელეფონო საუბრები პროდუქტიული იქნება და ცეცხლი შეწყდება.
„ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება სისხლის ღვრის შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე, საუბრის თემა იქნება ვაჭრობა.
ამის შემდეგ, დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ნატოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლი შეწყდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.