Loading data...
ტრამპი: აშშ შვეიცარიასთან ტარიფების შემცირების შეთანხმებაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შვეიცარიასთან მუშაობს შეთანხმებაზე, რომელიც შეამცირებს აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე 39%-იან ტარიფს. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შვეიცარია ცდილობს ტრამპთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ აგვისტოში შვეიცარიულ იმპორტზე დაწესებულ 39%-იან ტარიფს შეამცირებს.

„ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმებაზე, რათა მათი ტარიფები ოდნავ შევამციროთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ „განუსაზღვრავს კონკრეტული ციფრი“.

„ჩვენ ვიმუშავებთ შვეიცარიის დასახმარებლად“, - დასძინა მან.

ტრამპმა აღიარა, რომ შეერთებულმა შტატებმა შვეიცარიას მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შვეიცარიას კარგ მოკავშირედ მიიჩნევს და სურს, რომ ალპური ქვეყანა წარმატებული დარჩეს.

10 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარია შეერთებულ შტატებში ექსპორტზე 15%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან, სავარაუდოდ, ახლოსაა.