ტრამპი: აშშ-სა და ბრიტანეთს შორის კავშირები ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იმის გამო, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს თეირანზე დარტყმებისთვის დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების ნებართვა არ მისცა და განაცხადა: „ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, რომელთანაც საქმე გვაქვს“.
ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის ისტორიული ურთიერთობა „ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო“.
„დიდი ბრიტანეთი ძალიან, ძალიან არ თანამშრომლობდა“, - განაცხადა მან თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე.
„დიდი ბრიტანეთით კმაყოფილი არ ვარ. სამი, ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასარკვევად, თუ სად შეგვეძლო დაშვება“, - განაგრძო მან.
სტარმერმა, რომელმაც განაცხადა, რომ მის მთავრობას „არ სჯერა რეჟიმის ციდან შეცვლის“, თავდაპირველად უარი თქვა ირანთან აშშ-ის ომში რაიმე ფორმით მონაწილეობაზე. თუმცა მოგვიანებით იგი დათანხმდა აშშ-ს მოთხოვნას, გამოეყენებინა ორი ბრიტანული სამხედრო ბაზა „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“.