Loading data...
ტრამპი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დატოვებას ურჩევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ არ შეუძლია, ზუსტი წარმოდგენა შეიქმნას ირანში მოკლული მომიტინგეების რაოდენობის შესახებ და ქვეყანაში დარჩენილ ამერიკელებს ქვეყნის დატოვება ურჩია.

„მე ვიტყოდი, რომ წასვლა ცუდი იდეა არ არის“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, უნდა დატოვონ თუ არა ირანი აშშ-ის მოქალაქეებმა, ან მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებმა.

პრეზიდენტმა უარი თქვა, დამატებითი კომენტარი გაეკეთებინა ცოტა ხნის წინ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც მან ირანელ მომიტინგეებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა და დახმარება აღუთქვა. 

„ამის გარკვევა მოგიწევთ“, - თქვა მან მიჩიგანში, Ford-ის ქარხანაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაურკვეველია.

„ზუსტი რიცხვი ვერავინ მომაწოდა. რიცხვები მოვისმინე... მაგრამ გაცილებით დაბალი და გაცილებით მაღალი რიცხვები მოვისმინე. ყველაფერს გავიგებთ. ალბათ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში გავიგებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.