ტრამპი: აშშ „ჰამასთან“ ღაზაში დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ „ჰამასთან“ ღაზაში დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, ეს „ძალიან რთულ სიტუაციას გამოიწვევს“.
„ეს საშინელება იქნება - ეს ჩემი აზრია, ისრაელის არჩევანია, მაგრამ ეს ჩემი აზრია. „ჰამასმა“ ახლავე უნდა გაათავისუფლოს ისინი“, - აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოთხოვნები აქვს „ჰამასს“, ტრამპმა თქვა, რომ „ჰამასი“ „ითხოვს ზოგიერთ კარგ რამეს“, თუმცა დასძინა, რომ „უნდა გვახსოვდეს 7 ოქტომბერი“.
„იცით, ხალხს ავიწყდება 7 ოქტომბერი – ამის დავიწყება ადვილი არ არის, არა? მაგრამ ხალხს ავიწყდება. ან, შესაძლოა, განზრახ ივიწყებს 7 ოქტომბერს. მე მძევლების ოჯახების წევრებს ვესაუბრე. მათ უბრალოდ ძალიან სურთ მძევლების დაბრუნება. ისრაელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ჰამასმა“ ახლავე უნდა გაათავისუფლოს ისინი“, - დასძინა ტრამპმა.