ტრამპი: არ მჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს საერთოდ ეხმარებიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს „საერთოდ“ ეხმარებოდნენ.
მისი თქმით, მოსკოვსა და პეკინს ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი, თუ თეირანს დახმარებას გაუწევენ.
ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს, რომ ნახა მისი კრიტიკოსებისა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განცხადებები, რომელთა თანახმადაც, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.
„თუმცა არ მჯერა, რომ საერთოდ ეხმარებიან. მათ ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი და ჩვენ ამის შესახებ გავიგებდით, თანაც ძალიან სწრაფად“, - წერს ამერიკის ლიდერი.
ივლისში ტრამპმა განაცხადა, რომ ენდობოდა ჩინეთსა და რუსეთს და იმედი ჰქონდა, რომ ისინი ირანს ომში არ დაეხმარებოდნენ. ამასთან, გააფრთხილა ორივე ქვეყანა, რომ ჩარევის შემთხვევაში მათთვის შედეგები „ძალიან ცუდი“ იქნებოდა.
ტრამპს ირანის ომის დროს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მანამდე „ნეიტრალურ“ ლიდერებადაც ჰყავდა მოხსენიებული.
მოსკოვი და პეკინი თეირანთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ. რუსეთი აცხადებს, რომ ირანის ომმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ბირთვული შეიარაღების შეჯიბრება გამოიწვიოს. ჩინეთმა კი დაგმო ვაშინგტონის თავდასხმები თეირანზე და ისინი ირანის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად შეაფასა.
გასულ თვეში, როდესაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ვაშინგტონს სტუმრობდა, ტრამპმა გააფრთხილა იგი, ირანისთვის დახმარება არ გაეწია. აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩინეთის ლიდერმა დაარწმუნა ამერიკული მხარე, რომ პეკინი ამას არ გააკეთებდა.
გაფრთხილება გავრცელდა იმ ცნობების ფონზე, რომელთა თანახმადაც, ჩინეთმა ირანს საჰაერო თავდაცვის სარაკეტო დანადგარები მიაწოდა, ხოლო თეირანმა ჩინეთის დახმარებით ნავთობის გაყიდვებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზები იპოვა.
სექტემბერში ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანმა ჩინური ორგანიზაციებისგან იორდანიაში მდებარე სამხედრო ბაზის სატელიტური გამოსახულებები მიიღო. აღნიშნული ბაზის წინააღმდეგ ივლისში განხორციელებულ თავდასხმას სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.
ამასთან, გასულ კვირას Bloomberg-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ რუსეთი ირანს რაკეტებს აწვდის.