Loading data...
ტრამპი ამბობს, რომ ისევ მეგობრობს მასკთან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მილიარდერი ილონ მასკი ისევ მისი მეგობარია, მიუხედავად იმისა რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა რჩება. ამის შესახებ ტრამპმა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას breakingthenews.net ავრცელებს.

ტრამპმა გაიხსენა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს მან ელექტრომობილების სტიმულირების ზომები გააუქმა. ამის შემდეგ მასკსა და ტრამპს შორის კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა, ხოლო მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Tesla-ს მძიმე პერიოდი დაუდგა.

ტრამპმაც თქვა, რომ მასკს მართლაც ჰქონდა რთული პერიოდი, მაგრამ ახლა მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

„მას, ილონს, ჰქონდა წარუმატებლობის მომენტი. ახლა კი ის ისევ ჩემი მეგობარია. მას ძალიან წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა. ის 80%-ით გენიალურია, ხოლო 20%-ის შემთხვევაში აქვს მცირე წარუმატებლობა. უნდა გითხრათ, რომ ელექტრომობილები მე მომწონს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპსა და მასკს შორის კონფლიქტი 2025 წლის ზაფხულში გამწვავდა, როდესაც თეთრმა სახლმა NASA-ს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ჯარედ აიზეკმანის კანდიდატურა უკან გაიწვია. ამ თანამდებობაზე აიზეკმანის დანიშვნას ილონ მასკი მხარს უჭერდა. ამის შემდეგ მასკმა გააკრიტიკა ტრამპის მიერ ინიციირებული კანონპროექტი საბიუჯეტო რეგულირების შესახებ და მხარეებმა ერთმანეთის მიმართ რამდენიმე საჯარო ბრალდება გამოთქვეს. ასე, მაგალითად, ტრამპი მასკს სახელმწიფო სუბსიდიების და კონტრაქტების შეჩერებით დაემუქრა.

მოგვიანებით ილონ მასკმა სოციალურ ქსელებში ტრამპის წინააღმდეგ გავრცელებული პოსტების ნაწილი წაშალა და აღნიშნა, რომ მისი ზოგიერთი განცხადება „ზედმეტად შორს წავიდა“. ეს ფაქტი ტრამპმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მასკი კვლავ მისი მეგობარია, რომელიც, სამწუხაროდ, „უცნაურად მოიქცა მათი ბოლო საჯარო კონფლიქტის დროს“.