ტომაშ ფროელიხი: საქართველო მოლდოვაზე გაცილებით წინ არის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით - მოცემულობა, რომ ევროკავშირი არაფრად აგდებს ამ მონაცემებს, არის სკანდალი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სიყალბეს
„საქართველო მოლდოვაზე გაცილებით წინ არის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით. ქართული ეკონომიკა მოლდოვასთან შედარებით სამჯერ და ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა.
ფროელიხი ასე ეხმიანება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებას, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზეა და რომ ის ისურვებდა, საქართველო მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს.
ევროპარლამენტარის შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირის სიყალბეს უსვამს ხაზს.
„მოცემულობა, რომ ევროკავშირი არაფრად აგდებს ამ მონაცემებს, არის სკანდალი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სიყალბეს. როგორც ჩანს, თუკი ბრიუსელის ნაკარნახევს უსიტყვოდ შეასრულებ, ყველაფრის უფლება გაქვს, ხოლო თუკი ბრიუსელს არ დაეთანხმები, ლექციას ჩაგიტარებენ.
აშკარაა, რომ ევროკავშირში ფაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ ცვლის მოცემულობას, რომ დანარჩენები შესანიშნავად ვხედავთ ამ ფაქტების მოცემულობას, ყველამ იცის, რომ მოლდოვა საქართველოზე წინ არ არის, საქმე პირიქითაა“, - განუცხადა ევროპარლამენტარმა „იმედის კვირას“.