Times of Israel: „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბრის თავდასხმის განმეორებით ემუქრება
„ჰამასმა“ ისრაელს პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა, რომ მზად არის, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის მსგავსი კიდევ ერთი თავდასხმა კვლავ განახორციელოს. წერს Times of Israel-ი.
ებრაულენოვანი მედიის რამდენიმე გამოცემის ცნობით, ისრაელის არმიის მაღალჩინოსანმა ამ საკითხზე სასწრაფო ანგარიში წარუდგინა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.
გამოცემა Ynet-ის ინფორმაციით, პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების მაღალი რანგის წევრებმა აღნიშნული გზავნილი გასულ კვირას გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორს რამიზ ალაქბაროვს გადასცეს და სთხოვეს, ინფორმაცია ისრაელისთვის მიეწოდებინა.
შემდეგ ალაქბაროვი ისრაელის თავდაცვის ძალების პალესტინელებთან ურთიერთობის მთავარ კოორდინატორს შეხვდა და „ჰამასის“ გზავნილი გადასცა. აღნიშნულმა მაღალჩინოსანმა ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცს სასწრაფო წერილი გაუგზავნა. წერილის ნაწყვეტი შაბათს საღამოს ტელეკომპანია Channel 13-მა გამოაქვეყნა.
„დაჯგუფების მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედებები, ყვითელი ხაზის გადაადგილება და პალესტინის ადმინისტრაციის მიერ არჩევნების გაუქმება „ჰამასს“ ადგილზე კონტროლის დაკარგვისკენ უბიძგებს. მათ განმარტეს, რომ ამ ვითარების გაგრძელებას არ შეეგუებიან.
ამ ფონზე მათ განაცხადეს, რომ „ჰამასი“, საკუთარი მზად არის, კვლავ განახორციელოს 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა. ამასთან, დაჯგუფება მზად არის, მსგავსი მოქმედებები ნებისმიერ ფრონტზე განახორციელოს, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა. ისრაელის სახელმწიფოში, იუდეასა და სამარიაში, ასევე, საზღვარგარეთ. ეს უჩვეულო მუქარის შემცველი გზავნილია, რომელიც აქამდე ასეთი მკაფიო და პირდაპირი ფორმით არ გადმოცემულა“, - ნათქვამია ტერიტორიებზე სამთავრობო საქმიანობის კოორდინატორის, გენერალ-მაიორ იორამ ჰალევის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
Channel 13-ის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა ასეთი თავდასხმის პრაქტიკაში განხორციელება ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ფართო სამხედრო ყოფნის გათვალისწინებით. თუმცა, მსგავსი თავდასხმა, შესაძლოა, შორეულ მომავალშიც განხორციელდეს.
Ynet-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების კაბინეტს წარედგინა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჰამასმა“ ბოლო დროს გააძლიერა მზადება საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის. ეს მოიცავს იარაღის მარაგების შექმნასა და მის სამოქალაქო დასახლებებში გადატანას. დაჯგუფება, სავარაუდოდ, ითვალისწინებს იმასაც, რომ 3 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილი შუალედური არჩევნების დასრულებამდე ისრაელს ფართომასშტაბიანი ახალი სამხედრო ოპერაციების დაწყების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ღაზასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმის განხორციელება შეფერხდა. „ჰამასი“ განიარაღებაზე უარს ამბობს, ისრაელი კი აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებამდე ღაზას სექტორის არცერთი ნაწილიდან არ გავა.
ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალები ყოველდღიურად აგრძელებენ დარტყმებს იმ სამიზნეებზე, სადაც, მათი განცხადებით, ტერორისტული ოპერაციების მონაწილეები მოსალოდნელი თავდასხმებისთვის ემზადებიან.