Loading data...
The Wall Street Journal: ტრამპს სურს, ვიქტორ ორბანი გაეროს ახალი გენერალური მდივანი გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მხარს უჭერს. 

The Wall Street Journal-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ორბანს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღოს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ბრძოლაში და თავადვე შესთავაზა ეს იდეა, თუმცა ამ ეტაპზე გეგმა საბოლოოდ არ არის დამტკიცებული. 

როგორც მედიასაშუალება წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთი შეხედვით ეს იდეა სიგიჟედ ჟღერს. თუმცა, ვაშინგტონთან წინასწარი მოლაპარაკებების მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ იდეას. სავარაუდოა, რომ ორბანი მათი საერთო კანდიდატი გახდება. 

გამოცემის წყაროების განცხადებით, „თუ აშშ, რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ერთად გამოდიან, ისინი, როგორც წესი, მიზანს აღწევენ“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ორბანს შეუძლია დარწმუნებით ჰქონდეს უშიშროების საბჭოს რვა წევრის მხარდაჭერის იმედი, ხოლო საერთო ჯამში — საბჭოს 15 წევრიდან 10-ის მხარდაჭერის.

ჯერჯერობით უცნობია, შეეწინააღმდეგებიან თუ არა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უმრავლესობის ნებას, რადგან ეს ქვეყნები, როგორც წესი, ვეტოს უფლებას საკმაოდ ფრთხილად იყენებენ. 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა აპრილში უნგრეთის არჩევნებზე ვიქტორ ორბანს დაუჭირა მხარი, ხოლო ჯეი დი ვენსი მის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

მოსალოდნელია, რომ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ორბანის წარდგენის შემთხვევაში, ვენსი და ტრამპი ორბანს კვლავ დაუჭერენ მხარს.