Loading data...
The Times: თუ ომი ჩიხში შევა, პუტინმა, შესაძლოა, მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი გამოიყენოს

„უკრაინა რუსეთს ფრონტზე აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ექსპერტები კი შიშობენ, რომ ომის გაჭიანურებამ ან ჩიხურ მდგომარეობაში შესვლამ, შესაძლოა, კრემლს კიდევ უფრო მომაკვდინებელი, მასობრივი განადგურებისთვის განკუთვნილი ნივთიერებების გამოყენებისკენ უბიძგოს“, - ამის შესახებ უკრაინული მედია The Times-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს რუსეთმა უკრაინაში აკრძალული ნივთიერებები 6540-ჯერ გამოიყენა. 

უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული ქვედანაყოფები ასევე ხანდახან მიმართავენ ქლოროპიკრინს, მახრჩობელას, რომელიც პირველად პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს.

ამ ტიპის ქიმიური ნივთიერების გამოყენება 1993 წლის ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციას და 1925 წლის ჟენევის ოქმს არღვევს. 

„დასავლელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, რუსეთის არსენალის სრულ მასშტაბს არ ასახავდეს“, -  იუწყება „თაიმსი“. 

კვლევითმა ჯგუფმა Bellingcat-მა დაასკვნა, რომ 2020 წელს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, „ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების „ნოვიჩოკის“  შემუშავების პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდა“. 

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასი უნდა დატოვონ. ეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთი პირობაა.

ექსპერტების თქმით, ჯერ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის დათანხმდეს ასეთ დათმობას, თუნდაც შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლას ჰქონდეს ადგილი.