Loading data...
The Times: რუსეთის არმია ფრონტზე უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას ახერხებს

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთის არმია ზედიზედ სამი თვის განმავლობაში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას ახერხებს, - ამის შესახებ დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე განაცხადეს, იტყობინება The Times.

სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ყოველთვიურად დაახლოებით 30 000–35 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში დანაკარგების დონემ ამ მაჩვენებლებს გადააჭარბა.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა სიტუაციას კრემლისთვის „კრიტიკული“ უწოდა:

„პირველი შემთხვევაა, როდესაც დანაკარგებმა ახალი წევრების მიღებას გადააჭარბა, რაც უკვე სამი თვის განმავლობაში გრძელდება“.

მისი თქმით, ასეთი ტენდენცია არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტაქტიკურ შესაძლებლობებზე მოქმედებს, არამედ, შესაძლოა, ხელისუფლება აიძულოს, მიმართოს უფრო ფართო იძულებით მობილიზაციას, რასაც ქვეყნის შიგნით „უზარმაზარი პოლიტიკური შედეგები“ მოჰყვება.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ალ კარნესმა განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგებმა 1.25 მილიონი დაღუპული და დაჭრილი შეადგინა.

„ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის დროს განიცადა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, საბრძოლო ველზე დანაკარგების 87% დრონების თავდასხმებით არის გამოწვეული. ომის ოთხი წლის განმავლობაში 4 000-ზე მეტი რუსული ტანკი და დაახლოებით 10 000 ჯავშანტექნიკა განადგურდა, ხოლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები უკრაინული საზღვაო დრონებისა და რაკეტების დარტყმების გამო.

შედარებისთვის, უკრაინამ, სავარაუდოდ, დაახლოებით 600 000 ჯარისკაცი დაკარგა.