The Times Of Israel: პალესტინელმა წყარომ დაადასტურა, რომ ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ წარმომადგენელი აბუ ობეიდა დაიღუპა

პალესტინელმა წყარომ საუდის არაბეთის ტელეარხ „ალ-არაბიას“ განუცხადა, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ცნობილი წარმომადგენელი 30 აგვისტოს, ღამით ღაზას ქალაქში, ერთ-ერთ ბინაში საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ საჰაერო იერიში მიიტანეს „ჰამასის“ მაღალჩინოსანზე ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.
მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში სამიზნე ტერორისტის ვინაობა არ იყო მითითებული, რამდენიმე ებრაულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს იყო „ჰამასის“ დიდი ხნის წევრი, ჰუდაიფა სამირ აბდალა ალ-კალუთი, რომელიც უფრო ფართოდ არის ცნობილი თავისი საბრძოლო ფსევდონიმით, აბუ ობეიდა.
პალესტინელმა წყარომ „ალ-არაბიას“ განუცხადა, რომ ბინაში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აბუ ობეიდა.
წყაროს ცნობით, „ჰამასის“ მაღალჩინოსნებმა და მისი ოჯახის წევრებმა ცხედრის დათვალიერების შემდეგ მისი გარდაცვალება დაადასტურეს.
„ჰამასს“, რომელიც ზოგჯერ თვეები ელოდება მაღალი თანამდებობის პირების გარდაცვალების დადასტურებას, ოფიციალურად არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.