Loading data...
The Times of Israel: „ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გადაცემული კუბო, სავარაუდოდ, ადრე დაბრუნებული მძევლის ნეშტს შეიცავს

The Times of Israel-ის ცნობით, „ჰამასის“ მიერ 27 ოქტომბრის ღამით ისრაელისთვის გადაცემული კუბო, სავარაუდოდ, იმ მძევლის ნეშტს შეიცავს, რომლის ცხედარიც ისრაელში დაკრძალვისთვის უკვე გადასვენებული იყო.

ნეშტი არ ეკუთვნის ღაზას სექტორში ამჟამად დარჩენილი 13 დაღუპული მძევლიდან არცერთს.

ხელისუფლებამ აღნიშნული განცხადება თელ-ავივში, აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში ცხედრის იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ებრაულენოვანი მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს, 28 ოქტომბერს, საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა განიხილოს ისრაელის შესაძლო რეაქციები „ჰამასის“ მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის დარღვევაზე.

ისრაელი ამტკიცებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება 10 ოქტომბერს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებს აჭიანურებს. კერძოდ, შეთანხმება „ჰამასს“ 72 საათის განმავლობაში 48 ცოცხალი და დაღუპული მძევლის დაბრუნებას ავალდებულებდა. პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ დადგენილ ვადაში ისრაელს 20-ვე ცოცხალი მძევალი გადასცა, ღაზაში დარჩენილი 28 ცხედრიდან კი მხოლოდ ოთხი დაუბრუნა.