The Times: ნატოსთვის ყველაზე ცუდი სცენარი - ტრამპმა, შესაძლოა, რუსეთთან გარიგება ევროპის ზურგს უკან დადოს
ევროპაში იზრდება შიში, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მიატოვოს ნატოს მოკავშირეები და რუსეთთან გარიგება დადოს, - იუწყება The Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროპა მზად უნდა იყოს „ყველაზე ცუდი სცენარის“ შემთხვევაში მარტო საბრძოლველად. ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, უარი თქვას ნატოს წევრების დაცვაზე, თუ რუსეთი მათ ტერიტორიაზე თავდასხმას განახორციელებს.
„ევროპის უსაფრთხოების საკითხებიდან ამერიკელების გასვლა აღარ არის ყველაზე ცუდი სცენარი. ყველაზე ცუდი სცენარი ისაა, რომ ამერიკელებმა ზურგი აქციონ ევროპის უსაფრთხოებას და ჩვენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ. ტრამპს შეუძლია სცადოს რუსებთან დიდი გარიგების დადება ჩვენს ზურგს უკან - რაც ხუთი ან ექვსი წლის წინ შეუძლებლად ჩანდა“, - განუცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს.
ბრიტანულმა სამხედრო წყარომ, ასევე, გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ-მ შეიძლება უარი თქვას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაზე.
გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეშფოთება გამოითქვა იმავე დღეს, როდესაც აშშ განიხილავდა უკრაინისთვის განკუთვნილი ძირითადი რესურსების ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, ტრამპი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს ნატოს მოკავშირეებს და აცხადებს, რომ ისინი არ ეხმარებიან შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ომში.