The Telegraph: უკრაინა დონბასიდან ჯარების გაყვანას განიხილავს, თუმცა ერთი პირობით
უკრაინა დონბასიდან ჯარების გაყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. იუწყება ბრიტანული გამოცემა The Telegraph.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს დონბასში უკრაინული და რუსული ჯარების პოზიციებს შორის „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნას.
„ისინი ხედავენ, რომ უკრაინული ჯარები დონეცკის ოლქის ტერიტორიას ტოვებენ და სავარაუდო კომპრომისი იმაში მდგომარეობს, რომ რუსული ჯარები ამ ტერიტორიაზე არ უნდა შევიდნენ... რომელსაც ისინი უკვე „თავისუფალ ეკონომიკურ ზონას“ უწოდებენ“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, ტერიტორია რუსეთს გადასცეს და უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დონბასთან დაკავშირებით ცდილობს უკრაინა დათმობებზე წავიდეს. მანამდე, რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, 28-პუნქტიანი გეგმა წამოაყენა, რომელიც დემილიტარიზებულ ზონას რუსეთის ტერიტორიად აღიარებდა.
უკრაინამ საპირისპირო ვარიანტი შესთავაზა:
- ჯარების ორმხრივი გაყვანა
- უკრაინის ტერიტორიის შენარჩუნება
- პარალელური მოლაპარაკებები აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია ტერიტორიული დათმობების საკითხის გადაწყვეტა:
„შეცდომა იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტის იძულებით დათანხმება მშვიდობაზე, რომელსაც მოსახლეობა ოთხწლიანი ტანჯვისა და სიკვდილის შემდეგ არ დაუჭერს მხარს“.
მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება, რომ დათანხმდება ჯარების ორმხრივ გაყვანას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ინტერესებს და არა მხოლოდ უკრაინისას.
შესაძლო დემილიტარიზებული ზონის კონტურები ჯერ არ არის განსაზღვრული - ეს ზელენსკის და ტრამპს შორის მოლაპარაკებების საგანი იქნება. სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ დონეცკში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ძირითადად სტრატეგიული ქალაქებია, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ძირითადად სოფლის ტიპისაა.
პარიზში გამართული მოლაპარაკებები, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამერიკის მომავალი სტრატეგიისა და ევროპის როლის განსაზღვრისთვის სამშვიდობო პროცესში.