Loading data...
The New York Times: ირანი და აშშ განიხილავენ გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს

ირანის სამი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თეირანი და აშშ განიხილავენ ერთგვერდიაი გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს, ვიდრე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებები მოკლევადიან შეთანხმებაზე გრძელდება.

მხარეები ცვლიან წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პოტენციური მუდმივი შეთანხმების ჩარჩო გეგმა.

ირანის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მთავარი დაბრკოლება აშშ-ის მოთხოვნაა - წინასწარ იქნეს აღებული ვალდებულებები ირანის ბირთვული პროგრამისა და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების ბედთან დაკავშირებით.

მათი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლები კვლავინდებურად დაჟინებით მოითხოვენ, რომ ირანი დათანხმდეს ურანის მარაგების აშშ-ისთვის გადაცემას, სამი ბირთვული ობიექტის დახურვასა და ურანის გამდიდრების 20 წლით შეჩერებას.

თეთრ სახლს მოლაპარაკებების შესახებ კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუცია, თუმცა ირანელების მიერ აღწერილი პოზიცია თანხვედრაშია იმასთან, რასაც ამერიკელები ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის პოზიციად მოიხსენიებდნენ.