Loading data...
The New York Times: აშშ უკრაინისგან დათმობებზე უფრო სწრაფად წასვლას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ზაფხულის დასაწყისამდე ომის დასრულების მცდელობისას, აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე, რათა დათანხმდეს დონბასის რუსებისთვის გადაცემას და არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ The New York Times იტყობინება.

როგორც მედია წერს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ შეერთებული შტატები კიევზე უფრო მეტ ზეწოლას ახდენს, ვიდრე მოსკოვზე, თუმცა მან, ასევე, ნათლად განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეინარჩუნოს ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობა დიპლომატიურ პროცესში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაურკვეველია, რა ქმედებებისთვის არის მზად აშშ, თუ უკრაინისგან ტერიტორიებთან და არჩევნებთან დაკავშირებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს. თუმცა, მისი ადმინისტრაციის მიერ ამ ომის დასრულებისთვის დადგენილი ვადები არაერთხელ გადაიდო. ამერიკელი ოფიციალური პირები კვლავ ჩართულნი არიან მოლაპარაკებებში, თუმცა უკრაინა არ იღებს შეერთებული შტატების მიერ თავდაპირველად წამოყენებულ რუსეთისთვის ხელსაყრელ მოთხოვნებს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ მიუღია რაიმე სიგნალი იმის შესახებ, რომ აშშ პროცესიდან გასვლას გეგმავს. თუმცა, უკრაინელი პარლამენტის წევრი იაროსლავ იურჩიშინი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლით იმუქრება, თუ უკრაინა მზად არ იქნება დათმობებზე წასასვლელად, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით.

უკრაინელმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ამ თვეში აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-მა უკრაინას 15 მაისს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. პარლამენტის წევრმა დასძინა, რომ გაჭიანურებული ომის კონტექსტში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა მალე შეძლებს არჩევნების ორგანიზებას.

მედია წერს, რომ უკრაინის ტერიტორიების საკითხი მოლაპარაკებებში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხად რჩება. აშშ ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა დონბასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს. ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ტრამპს ტერიტორიის გადაცემა სთხოვა.