The iPaper: ნატო გრენლანდიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას ზღუდავს
ნატოს ოფიციალური პირები უარს ამბობენ შეერთებულ შტატებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების მუქარის გამო, - იუწყება The iPaper საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, დაზვერვისა და სამხედრო ჩინოვნიკები ადრე ერთად მუშაობდნენ ყველა სახის საფრთხესთან საბრძოლველად, ომიდან დაწყებული საიდუმლო ოპერაციებით დამთავრებული. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შეძენის ამბიციები ძირს უთხრის ნდობას და ანგრევს დიდი ხნის შეთანხმებებს.
ნატოს ინსაიდერმა The iPaper-ს განუცხადა , რომ „ეს ნატოში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს შორის დაძაბულობასა და უნდობლობას ქმნის“.
მისი თქმით, თანამშრომლები აღარ „ურთიერთობენ ღიად“ მზარდი შეშფოთების გამო, რომ ინფორმაცია ტრამპამდე მიაღწევს და გამოყენებული იქნება აშშ-ის მიერ გრენლანდიის ძალის გამოყენებით მიტაცების მცდელობისთვის.
ბრიტანული დაზვერვის წყარომ თეთრ სახლსა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობების გაუარესებას „უპრეცედენტო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ გამოწვეული „ინდივიდუალური პოლიტიკური არეულობა“ დაზვერვის ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს.
აშშ და დიდი ბრიტანეთი სადაზვერვო ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ დიდ ბრიტანეთ-აშშ-ს შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხშირად „ორ თვალს“ უწოდებენ.
თუმცა, ბრიტანული დაზვერვის წყარომ The I Paper-ს განუცხადა, რომ ტრამპის უახლესმა მუქარამ გააჩინა მოსაზრება, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის „ორი თვალის“ მოკავშირე, არამედ „უბრალოდ ევროპის ნაწილია“.