The Guardian: ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი კიევს მოუწოდებს, მიიღოს გეგმა, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას გულისხმობს
„ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ კიევმა რამდენიმე დღეში მიიღოს ამერიკულ-რუსული „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და ასევე, სხვა მტკივნეულ დათმობებზე წასვლას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
21 ნოემბერს, დილით ტრამპმა დაადასტურა, რომ მომავალი ხუთშაბათი — მადლიერების დღე აშშ-ში — იქნება „მისაღები“ ვადა ზელენსკისთვის ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ხოლო ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს გეგმა „კაპიტულაციის“ ტოლფასია.
ზელენსკიმ პრეზიდენტის სასახლის წინ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ქვეყანა დაუძლეველი არჩევანის წინაშე დგას, ან შეინარჩუნოს ეროვნული ღირსება, ან დაკარგოს მნიშვნელოვანი პარტნიორი - აშშ-ის ადმინისტრაციის სახით, რომელიც აშკარად ცდილობს კონფლიქტის დასრულებას მოსკოვის სასტიკი პირობებით.
„ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა“, - თქვა მან. მის ვარიანტებს შორის იყო ტრამპის 28-პუნქტიან წინადადებაზე დათანხმება, ან „უკიდურესად რთული ზამთარი“, რომლის შედეგადაც რუსეთმა უკვე გაანადგურა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მილიონობით ადამიანი კი გათბობის და სინათლის გარეშე დარჩა.
გეგმაზე თანხმობა უკრაინას „საკუთარი თავისუფლების, ღირსების და მართლმსაჯულების გარეშე“ დატოვებს - აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ რომ ის არასდროს შესწირავს უკრაინის ინტერესებს და არ წავა კონსტიტუციის წინააღმდეგ - „ჩვენ არც მაშინ [2022 წელს] გვიღალატია უკრაინისთვის და არც ახლა გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა მან.
Fox Radio-სთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ხუთშაბათი [27 ნოემბერი] „შესაფერისი დროა“ ზელენსკისთვის, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი კონფლიქტის დასასრულებლად „აგრესიული ვადების“ შემუშავებას ცდილობს და კიევზე უპრეცედენტო ზეწოლის მოხდენას აპირებს.
ინფორმაციის თანახმად, ტრამპი ასევე, იარაღის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება და რომ შეამცირებს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, თუ უკრაინა შეთანხმებას არ დათანხმდება.
ევროპელი ლიდერები – ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი – მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს, ზელენსკის სოლიდარობა გამოუცხადეს და მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს კიევის მიმართ მხარდაჭერა. აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და უზრუნველყოფდეს უკრაინის ინტერესებს, არ უნდა დაუთმოს ქალაქები, ან ტერიტორიები რუსეთს. მათი თქმით, გეგმა „აბსურდულია“. მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს ევროპისა და უკრაინის გრძელვადიან ინტერესებზე.
ზელენსკიმ ასევე მიმართვაში აღნიშნა, რომ ყოველდღიური გმირობის მიუხედავად, შესაძლოა, კომპრომისებზე წასვლა იყოს საჭირო. „ჩვენს ხალხს ნამდვილად სურს ამ ომის დასრულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძლიერები ვართ, მაგრამ ყველაზე ძლიერი ლითონიც კი შეიძლება გატყდეს. ეს არ დაგავიწყდეთ“, - განაცხადა მან.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში საზოგადოებრივი რეაქცია წარმოდგენილ გეგმაზე უმეტესად უარყოფითი იყო. მას ერთპიროვნულსა და ქვეყნის დამარცხებად მიიჩნევენ. ევროპელი ექსპერტებიც კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში რუსეთი ევროპის მთავარი აგრესორი გახდება.