Loading data...
The Brussels Times: შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებს

ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა „ბრიუსელ თაიმსთან“ ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და ევროკომისია ძალაუფლების მითვისებაში დაადანაშაულა.

The Brussels Times-ის ინფორმაციით, შარლ მიშელმა ინტერვიუში მასსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის „ღრმად ფესვგადგმული მტრობა“ გამოავლინა. მან გაიხსენა Sofagate-ის სკანდალი, როდესაც ის და ფონ დერ ლაიენი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ სამიტზე იმყოფებოდნენ.

„პროტოკოლი იდეალურად იყო დაცული“, - აცხადებს შარლ მიშელი, თუმცა ევროკომისიას ეპიზოდის საკუთარი როლის გასაძლიერებლად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი მკვეთრად აკრიტიკებს ევროკომისიას და მათ უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ზოგიერთი კომისრის გვერდზე გაწევაში სდებს ბრალს, ხოლო ფონ დერ ლაიენს „ავტორიტარულ მმართველობაში“ ადანაშაულებს.

„დღეს კომისია ცდილობს კონტროლის ხელში აღებას. ეს არ შეესაბამება ხელშეკრულებას“, - განუცხადა მიშელმა The Brussels Times-ს.

გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეაქცია აშშ-ის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე არასაკმარისი და არათანმიმდევრული იყო და მაგალითად მოჰყავს ყოფილი კომისარი ტიერი ბრეტონის მიმართ კოორდინირებული პასუხის არარსებობა.

ინტერვიუში ის იხსენებს თავის ლიდერობას ბრიუსელის ტერაქტების, COVID-19 პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში.

მისი თქმით, ევროპულ კონტექსტში ის მართალი აღმოჩნდა თავისი ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო სტრატეგიული ავტონომიის, ენერგეტიკისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ.

ბელგიასთან დაკავშირებით, ის უფრო პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყნის მომავლის მიმართ და აცხადებს, რომ  შიდა დაყოფა ვერ გაგრძელდება მაშინ, როცა გარე ზეწოლა ასეთი მაღალია.

შარლ მიშელი ქვეყანას ლატეს ადარებს: „შეგიძლია, სცადო ყავისა და რძის ერთმანეთისგან გაყოფა, მაგრამ ეს არ მუშაობს“.