Loading data...
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ რუბიო და უიტკოფი უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმაზე“ მუშაობდნენ

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაზე საიდუმლოდ მუშაობდა.

ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო „ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩუმად მუშაობდნენ გეგმაზე“.

„ისინი ორივე მხარესთან, რუსეთთან და უკრაინასთან, თანაბრად თანამშრომლობდნენ იმის გასაგებად, თუ რა ვალდებულებებს აიღებენ ეს ქვეყნები ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - დასძინა პრესმდივანმა.

ლევიტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-ის გეგმის „დეტალებს“ არ გაამჟღავნებს.

„ეს კარგი გეგმაა როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და ჩვენ გვჯერა, რომ ის ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს და ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მის განსახორციელებლად“, - აღნიშნა მან.

ლევიტის თქმით, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„ჩვენ მასთან ვისაუბრეთ, ის ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჩვენ ორივე მხარესთან კარგი საუბრები გვაქვს ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.