თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიიღონ რეალობა და დადონ შეთანხმება, რადგან აშშ ამ ომით დაიღალა

შეერთებული შტატები უკრაინაში ომით დაიღალა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის მოთმინება იწურება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
ლევიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი „მშვიდობის მისაღწევად გულმოდგინედ მუშაობს“.
„პრეზიდენტმა კვირა ეგვიპტის გავლით ისრაელში გაფრენით დაიწყო და 36 საათის შემდეგ დაბრუნდა, რათა თეთრ სახლში თავისუფლების მედლის დაჯილდოების ცერემონიაზე ჩარლი კირკისთვის პატივი მიეგო. მეორე დღეს კი მან სამი საათი ტელეფონით ისაუბრა პრეზიდენტ პუტინთან, რათა ამ ომის დასრულება ეცადა. დღეს პრეზიდენტი ზელენსკი თეთრ სახლში გვყავდა და პრეზიდენტმა მასთან სამსაათიანი შეხვედრა გამართა მინისტრთა კაბინეტში“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, ლევიტის თქმით, ორივე მხარემ უნდა „მიიღოს რეალობა და დადოს შეთანხმება“, რადგან შეერთებული შტატები უკვე „დაიღალა ამ ომით“.
„ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დაიღალა ამით. საკმარისია, ორივე მხარემ უნდა აღიაროს ადგილზე არსებული რეალობა და მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკელი ხალხის მოთმინება ამ ომთან დაკავშირებით იწურება“, - განაცხადა ლევიტმა.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ტრამპმა თავისი შეხედულებები კონფლიქტის ორივე მხარეს გაუზიარა და „ძალიან გულწრფელი და პირდაპირი“ იყო. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს.
„ტრამპს, ფაქტობრივად, არ სძინავს, 24 საათის განმავლობაში მშვიდობისთვის მუშაობს. და ის ამას გააგრძელებს რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით, ისევე, როგორც ისრაელთან და ღაზასთან დაკავშირებით გააკეთა. მას გულწრფელად სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის რეალური შანსი არსებობს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგივე მოხდება რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით და პრეზიდენტი ძალიან ბევრს მუშაობს ამის მისაღწევად“, - აღნიშნა ლევიტმა.