Loading data...
თეთრი სახლის მტკიცებით, დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის გეგმისთვის მხარი არ დაუჭერია

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საერთაშორისო შუამავლების მიერ შემუშავებული 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმისთვის მხარი არ დაუჭერია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპმა წინადადებას ხელი არ მოაწერა.

„ეს მრავალი იდეიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია სწრაფი ტემპით გრძელდება.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მიმდინარე ომთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს თეთრ სახლში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

CNN-ის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი ასრულებდნენ, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები გასულ კვირას შეჩერდა, პირისპირ შეხვედრისთვის მუშაობა კი, სავარაუდოდ, დასრულდა.

გავრცელებული ცნობით, უახლესი წინადადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს გაეგზავნათ.