თეთრი სახლის განცხადებით, ირანმა ტრამპის გაფრთხილებების ფონზე 800 სიკვდილით დასჯა გააუქმა
თეთრი სახლის განცხადებით, ირანში, სადაც მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება, 800-მდე ადამიანის სიკვდილით დასჯა შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის რეჟიმი შედეგების შესახებ გააფრთხილა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
როგორც ლევიტმა აღნიშნა, ტრამპმა არ გამორიცხა ირანში საპროტესტო აქციების სასტიკ დაშლაზე რეაგირების არცერთი ვარიანტი და ასევე, გააფრთხილა „სერიოზული შედეგების“ შესახებ, თუ რეპრესიები მკვლელობაში გადაიზრდება.
„პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ირანის რეჟიმს აცნობეს, რომ თუ მკვლელობები გაგრძელდება, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ტრამპმა რეჟიმისგან შეტყობინება მიიღო, რომ „მკვლელობები და სიკვდილით დასჯა“ შეწყდებოდა.
„პრეზიდენტმა დღეს მიიღო ინფორმაცია, რომ გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შესრულდა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და პრეზიდენტისთვის ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა“, - დასძინა ლევიტმა.