თეთრი სახლის განცხადებით, აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები „ისტორიული ხასიათის იყო“
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესში აქტიურად არის ჩართული.
პრესკონფერენციაზე ლევიტმა აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „ისტორიული“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი აჩვენებს ტრამპის მზაობას, იმუშაოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. მისივე თქმით, ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას.
„მათ შაბათ-კვირას მრავალმხრივი შეხვედრა ჰქონდათ, რომელსაც დიდი გაშუქება არ მოჰყოლია, თუმცა ის ისტორიული ხასიათის იყო, რადგან პრეზიდენტის გუნდმა ნამდვილად შეკრიბა ორივე მხარე ერთ მაგიდასთან მშვიდობის დასამყარებლად“, - აღნიშნა ლევიტმა.
პრესმდივანმა განმარტა, რომ ამჟამად ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო ზარები დაგეგმილი არ არის.