Loading data...
თეთრი სახლი: უკრაინისთვის იარაღის განუსაზღვრელი ვადით მიწოდება არ შეგვიძლია

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაღიზიანება რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების კონტექსტში იზრდება. მისივე თქმით, ვაშინგტონს არ შეუძლია, უკრაინულ მხარეს იარაღი „განუსაზღვრელი ვადით“ მიაწოდოს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრესმდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც მან უკრაინა მისი სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ „მადლიერების ნაკლებობის“ გამო გააკრიტიკა.

ლევიტმა აღნიშნა, რომ ამ პოსტის შემდეგ ჟენევაში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის „ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები“ გაიმართა.

„რუბიო ჟენევაში იმყოფებოდა, სადაც საბოლოოდ მოახერხა შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხილვა, როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის წინადადებების გათვალისწინებით. მათ მოახერხეს ზოგიერთი პუნქტის საბოლოოდ შეჯერება. ახლა მხოლოდ რამდენიმე საკამათო საკითხი რჩება, რომლებზეც ჩვენი გუნდები მუშაობას აგრძელებენ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი იმედითა და ოპტიმიზმით არის განწყობილი, რომ შეთანხმება მიიღწევა. 

„და მე ვფიქრობ, რომ ის დიდ დამსახურებას იმსახურებს იმ უზარმაზარი დროისა და ენერგიისთვის, რომელიც მან ამ ომის მოგვარებაში ჩადო. მას სურს, რომ მკვლელობები შეწყდეს და სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მისი იმედგაცრუება კი ამერიკელი ხალხის იმედგაცრუებიდან მომდინარეობს“, - აღნიშნა ლევიტმა.

მან ასევე დასძინა, რომ აშშ აღარ ამარაგებს უკრაინას იარაღით, თუმცა აშშ ნატოს ქვეყნებს იარაღს PURL-ის ინიციატივის მეშვეობით აწვდის.

„ჩვენ ამას სამუდამოდ ვერ გავაკეთებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ის მშვიდობიანი დროის პრეზიდენტია. სწორედ ამისკენ ისწრაფვის და დღეს მას სურს, ოპტიმიზმითა და იმედით იყოს განწყობილი, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა, რომელიც ომს დაასრულებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ლევიტმა.