თეთრი სახლი: თუ ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიგეგმება, ის, სავარაუდოდ, პაკისტანში გაიმართება
თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, კვლავ პაკისტანში გაიმართება, თუმცა შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის.
ლევიტმა ბრიფინგზე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-მა ოფიციალურად მოითხოვა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება, რომლის ვადაც 21 აპრილს იწურება.
თუმცა, მისი თქმით, 11-12 აპრილს ისლამაბადში ირანულ მხარესთან პირისპირ შეხვედრა „პროდუქტიული“ იყო და მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
კითხვაზე, გაიმართება თუ არა მეორე შეხვედრა კვლავ პაკისტანში, ლევიტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები, „დიდი ალბათობით, იმავე ადგილას გაიმართება, სადაც წინა შეხვედრა შედგა“.
„პაკისტანელები ამ პროცესის განმავლობაში წარმოუდგენელი შუამავლები იყვნენ... ისინი ამ მოლაპარაკებებში ერთადერთი შუამავლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა, რომლებსაც დახმარების შემოთავაზება სურთ, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პაკისტანელების მეშვეობით ამ კომუნიკაციის გამარტივება გაგრძელდეს“, - დასძინა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ჩინეთი ირანს იარაღს აწვდის, ლევიტის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნა, რომ ეს ასე არ არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი პეკინს სიტყვაზე ენდობა, როგორც ეს რუსეთთან დაკავშირებით მსგავსი ბრალდებების დროს გააკეთა.