Loading data...
თეთრი სახლი: პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად გამოთქვა თავისი პრიორიტეტი, რომ მას სურს, აშშ-მა გრენლანდია შეიძინოს

დანიის დაქვემდებარებაში მყოფი გრენლანდიის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზიების ფონზე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, არქტიკულ კუნძულზე სადაზვერვო მისიით ჯარები გაგზავნა. 

ევროპელი პარტნიორების ამ ნაბიჯის მიუხედავად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, კონტროლი დაამყაროს გრენლანდიაზე, არ შეცვლილა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, ევროპული ჯარების კუნძულზე განლაგებას გავლენა არ ექნება ტრამპის გადაწყვეტილებაზე, ან გრენლანდიის შესყიდვის მიზანზე.

„პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად გამოთქვა თავისი პრიორიტეტი, რომ მას სურს, შეერთებულმა შტატებმა გრენლანდია შეიძინოს. ის ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა“, - აღნიშნა ლევიტმა.

აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ კუნძულის ბედთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა უშედეგოდ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან შეხვედრამ „ფუნდამენტური უთანხმოება“ გამოავლინა, მაგრამ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თეთრმა სახლმა დამატებითი მოლაპარაკებების შესახებ გეგმები შეაფასა, როგორც აშშ-ის მიერ გრენლანდიის შესაძენად „შესყიდვის შეთანხმებაზე ტექნიკური მოლაპარაკებები“. თუმცა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ეს განცხადება და აღნიშნა, რომ ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერებს შორის უთანხმოების მოგვარების გზებს განიხილავს.

მან ასევე გამორიცხა აშშ-ის მიერ გრენლანდიის შესყიდვის შესაძლებლობა.

„ეს გამორიცხულია. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა დანიაში, ან გრენლანდიაში და ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო წესს. ეს არღვევს სუვერენიტეტს“, - განაცხადა რასმუსენმა.