Loading data...
თეთრი სახლი: ნატოში უკრაინის მიწვევაზე ამჟამად კონსენსუსი არ არსებობს

ნატოს მოკავშირეები უკრაინის ალიანსში მიწვევის საკითხს განიხილავენ. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უკრაინისთვის მიწვევის შეთავაზებაზე ამჟამად კონსენსუსი არ არსებობს. ინფორმაციას თეთრი სახლის ვებგვერდი ავრცელებს

„მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ნატოს სამიტზე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ - ივლისის შუა რიცხვებში [ნატოს სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართა], - 32-ვე მოკავშირემ დაადასტურა, რომ უკრაინა ნატოში წევრობის შეუქცევად გზაზეა“, - აღნიშნეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე დაასახელა ის საკითხები, რომლებიც ახლა უნდა გადაწყდეს, რათა უკრაინის სახელმწიფომ ალიანსში გაწევრიანებისკენ წინსვლა შეძლოს: „ამიტომ, ტაქტიკის საკითხია, როგორ წავახალისოთ ეს გზა და როგორ მივაღწიოთ კონსენსუსს შემდეგი ნაბიჯების შესახებ“.

ინფორმაციისთვის, 16 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა, რომლის პირველი პუნქტი უკრაინის ნატოში მიწვევას გულისხმობს. მოგვიანებით ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის 33-ე, ან 34-ე წევრი შეიძლება გახდეს.