Loading data...
რას გულისხმობს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“? - ზელენსკიმ დეტალებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა. გეგმა მოიცავს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის პუნქტებს, რომლებიც უკრაინას რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის მოგებაში დაეხმარება.

გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმა შედგება 5 პუნქტისა და სამი საიდუმლო დანართისგან. პრეზიდენტის თქმით, თითოეული პუნქტი დროში დეტალურად არის გათვლილი. პირველი ოთხი პუნქტი ეხება ომის პერიოდს, ხოლო უკანასკნელი - უსაფრთხოების საკითხი - ეხება ომის დასრულების შემდგომ პერიოდს, რათა ხელახალი შეჭრა თავიდან აიცილონ.  

1-ელი პუნქტი – გეოპოლიტიკა

გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის ნატოში მიწვევას.

„უკრაინის ნატოში მიწვევის ფაქტი შესაძლოა, გახდეს ჭეშმარიტად ფუნდამენტური მშვიდობა. იმიტომ, რომ ნატოს წევრობა მომავლის საკითხია და არა - აწმყოსი. მაგრამ პუტინმა უნდა დაინახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური გათვლები მარცხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მე-2 პუნქტი – თავდაცვა

მეორე პუნქტი ეხება იარაღის მკაფიო ჩამონათვალს, რომელსაც უკრაინელი მეომრების სიმტკიცის მხარდაჭერა შეუძლია. ზელენსკის თქმით, კურსკის ოპერაციის წყალობით უკრაინამ დაინახა, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს საკმარისი ძალა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლას გაუძლოს.

მე-3 პუნქტი - შეკავება

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მესამე პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერებს გადაეცა. გარდა ამისა, ზელენსკიმ განმარტა, რომ მას კიდევ რამდენიმე სახელმწიფო მიიღებს, რომლებსაც შეუძლიათ, მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი „შეკავების კონცეფციის“ შინაარსი  შეავსონ.

უკრაინა პარტნიორებს სთავაზობს, მის მიწაზე განთავსდეს ყოვლისმომცველი არაბირთვული სტრატეგიული შემაკავებელი პაკეტი, რომელიც რუსეთის ნებისმიერი სამხედრო საფრთხისგან უკრაინის დასაცავად საკმარისი იქნება.

„როდესაც რუსეთმა იცის, რომ იქნება პასუხი და გაიგებს, როგორი პასუხი იქნება, ის აირჩევს მოლაპარაკებებს და სტაბილურ თანაცხოვრებას თუნდაც სტრატეგიულ ოპონენტებთან. ჩვენ ვიცით ასეთი მაგალითები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მე-4 პუნქტი - ეკონომიკა

მეოთხე პუნქტს ასევე აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პარტნიორებს გადაეცემა.

„უკრაინაში კონცენტრირებულია ბუნებრივი რესურსები, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლითონები, რომელთა ღირებულება ტრილიონობით დოლარია. ეს არის, კერძოდ, ურანი, ტიტანი, ლითიუმი, გრაფიტი და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსები, რომლებიც გლობალურ კონკურენციაში გააძლიერებს ან რუსეთს და მის მოკავშირეებს, ან უკრაინას და დემოკრატიულ სამყაროს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება ორგანულად შეავსებს და გააძლიერებს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის არსებულ სისტემას - კერძოდ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებულ ყველა სანქციას, ნავთობის ფასის შეზღუდვას, რუსეთში ექსპორტის შეზღუდვას და ზეწოლის სხვა ზომებს.

მე-5 პუნქტი – უსაფრთხოება

მეხუთე პუნქტი, რომელიც განკუთვნილია ომის შემდგომი პერიოდისთვის, გვთავაზობს, პარტნიორების თანხმობის შემთხვევაში, ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის შეიარაღებული ძალების გარკვეული კონტინგენტები უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებით შეიცვალოს.

„ეს უკრაინული გამოცდილება უნდა გამოიყენებოდეს მთელი ალიანსის თავდაცვის გასაძლიერებლად და მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ღირსეული მისია ჩვენი გმირებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.