Loading data...
იტალიამ საერთაშორისო სუროგაციის საწინააღმდეგო კანონი მიიღო

იტალიის პარლამენტმა 17 ოქტომბერს დასავლეთის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი კანონი მიიღო, რომელიც საერთაშორისო სუროგაციას კრძალავს. ადამიანებს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სუროგატ დედებს იყენებს, ჯარიმები და პატიმრობა ემუქრება. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, პირველ რიგში, ერთნაირსქესიანთა წყვილებზე იმოქმედებს. ამის შესახებ სტატიას The Washington Post აქვეყნებს.

სუროგაცია იტალიაში მანამდე აიკრძალა. ახლა კი, კანონის მიხედვით, სუროგატობა კლასიფიცირებულია როგორც უნივერსალური დანაშაული, რომელიც ქვეყნის ფარგლებს სცდება, როგორც ეს. მაგალითად, ტერორიზმის ან გენოციდის შემთხვევაში ხდება.

თუ იტალიის მოქალაქე უცხოეთის კლინიკაში მუშაობს და ის სუროგაციის პროგრამებს ხელს უწყობს, ეს პირები, ფაქტობრივად, კრიმინალები ხდებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ასე ცდილობს იტალიის საზოგადოებას კონსერვატიული იმიჯი შესძინოს, ხოლო სუროგაცია დასავლეთის „კულტურულ ომებში“ კიდევ უფრო მწვავე თემა გახდება.

ერთნაირსქესიან წყვილებს იტალიაში შვილის აყვანა დღესაც ეკრძალებათ. ახლა კი ისინი შეიძლება სხვა პრობლემების წინაშეც აღმოჩნდნენ. თუ ისინი იტალიიდან გარკვეული პერიოდით წავლენ და შემდეგ ქვეყანაში ბავშვით დაბრუნდებიან, ამ ბავშვის რეგისტრაციის საკითხში შეიძლება სერიოზული პრობლემები გაჩნდეს. განსაკუთებით ერთნაირსქესიანი კაცების წყვილების მიმართ შეიძლება მრავალი შეკითხვა გაჩნდეს.

კანონი 7-საათიანი ცხარე დებატების შემდეგ იტალიის პარლამენტმა 84 ხმით მიიღო. 58-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც ევროპის ბიოეთიკის ინსტიტუტის დირექტორი ლეოპოლდ ვანბელინგენი ამბობს, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მიზანია საერთაშორისო კონვენციის მიღება, რომელიც სუროგაციას კრძალავს. ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ დღეს ეს არარეალისტურად ჩანს, მაგრამ აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში სავსებით რეალისტური შეიძლება გახდეს.

სუროგაციის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონებია, ვიდრე აშშ-ში. ევროკავშირის ქვეყნები, მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი, ქვეყნის შიგნით სუროგაციას კრძალავენ. აშშ-ში კი ის აბსოლუტურად ლეგალურია.