Loading data...
თეთრი სახლი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემაზე: ომის დრამატულ ესკალაციას გამოიწვევს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი, შონ სავეტი ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ რაკეტების შესაძლო გადაცემა რუსეთისთვის ირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაში დრამატულ ესკალაციას გამოიწვევს. 

„ირანმა რუსეთს თუ ბალისტიკური რაკეტები გადასცა ან მომავალში გადასცემს, ეს იქნება დრამატული ესკალაცია თეირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაში. ბევრჯერ გვითქვამს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობა ღრმავდებოდა, რის გამოც შეშფოთებული ვართ“, - აცხადებს სავეტი. 

თავის მხრივ, გაეროში ირანის მისიამ უარყო ბრალდება. 

შეგახსენებთ, „ვოლ სტრიტ ჯორნალმა“ ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.