Loading data...
თეთრი სახლი აცხადებს, რომ თუ თეირანი ომში დამარცხებას არ აღიარებს, მას „ჯოჯოხეთი“ ელის

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თუ თეირანი ომში დამარცხებას არ აღიარებს, აშშ ირანს „უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე ოდესმე“. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო მოქმედებებზე მეტად უპირატესობას მშვიდობას ანიჭებს. თუმცა, მან დასძინა, რომ თუ თეირანი დამარცხებას არ აღიარებს, მას „ჯოჯოხეთი“ ელის.

„თუ ირანი არ შეეგუება დღევანდელ რეალობას - თუ არ გაიგებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდა და კვლავაც მარცხდება - პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, რომ ირანმა უფრო ძლიერი დარტყმა მიიღოს, ვიდრე ოდესმე... პრეზიდენტი ტრამპი არ ცრუობს; ის მზადაა, ჯოჯოხეთი გააჩაღოს. ირანმა აღარ უნდა დაუშვას შეცდომა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საწვავისა და ბენზინის ფასები ირანში აშშ-ის ოპერაციის დასრულებისთანავე დაეცემა.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანს პაკისტანის მეშვეობით ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა გადასცა. პუნქტებს შორისაა თეირანის თავდაცვითი შესაძლებლობების შეზღუდვა, ირანის მიერ მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა და ისრაელის არსებობის უფლების აღიარება.

ირანული მედიის ცნობით, ირანის ხელმძღვანელობამ ომის დასრულების შესახებ აშშ-ის 15-პუნქტიანი გეგმა უარყო და მას „გადაჭარბებული“ უწოდა.