Loading data...
ირანმა ომის დასრულების შესახებ აშშ-ის 15-პუნქტიანი გეგმა უარყო

ირანის ხელმძღვანელობამ ომის დასრულების შესახებ აშშ-ის 15-პუნქტიანი გეგმა უარყო. ამის შესახებ ირანული მედია Press TV ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს

წყაროს ცნობით, ირანის ხელმძღვანელობა „ტრამპს პირობების კარნახის უფლებას არ მისცემს“.

„ირანი ომს მაშინ დაასრულებს, როდესაც ამას გადაწყვეტს და როდესაც მისივე პირობები შესრულდება“, - განაცხადა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა. მან დასძინა, რომ ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს თავის დაცვა და განახორციელოს „სერიოზული თავდასხმები“ იქამდე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ სხვადასხვა დიპლომატიური არხით კონტაქტები დაიწყო.

მან „15 პუნქტში“ წამოყენებულ მოთხოვნებს „გადაჭარბებული და ბრძოლის ველზე აშშ-ის წარუმატებლობის რეალობასთან შეუსაბამო“ უწოდა.

ირანული მედიის ცნობით, ოფიციალურმა პირმა ჩამოაყალიბა ხუთი კონკრეტული პირობა, რომელთა მიხედვითაც ირანი ომის დასრულებას დათანხმდებოდა. ესენია:

💠მტრის მიერ „აგრესიისა და მკვლელობების“ სრული შეჩერება;

💠კონკრეტული მექანიზმების შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი ხელახლა არ დაიწყება;

💠ომის შედეგად მიყენებული ზიანისა და რეპარაციების გარანტირებული და მკაფიოდ განსაზღვრული გადახდა;

💠ომის დასრულება ყველა ფრონტზე და რეგიონში ჩართული ყველა წინააღმდეგობის ჯგუფისთვის;

💠ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შენარჩუნება არის და დარჩება ირანის ბუნებრივ და კანონიერ უფლებად და წარმოადგენს მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიას და უნდა იყოს აღიარებული.

სააგენტო Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანის რეაქცია ამერიკულ წინადადებებზე „დადებითი არ იყო“ და რომ პირველადი პასუხი შეერთებულ შტატებს უკვე გადაეცა პაკისტანის მეშვეობით.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ კიდევ ერთ ანონიმურ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანი ცეცხლის შეწყვეტის ასეთ პირობებს არ დათანხმდება და ომის დასრულებამდე „თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა“ სურს.