Loading data...
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ თეირანი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

ირანი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და მიაჩნია, რომ მისთვის „ლოგიკური“ არ იქნება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დაწყება, იტყობინება ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

Fars News-თან საუბარში ინფორმირებულმა წყარომ მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის მიერ თავისი მიზნების მიღწევის უუნარობაზე და განაცხადა: „ირანი არ ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას. ფუნდამენტურად, ასეთ პროცესში ჩართვა მათთან, ვინც დაარღვია შეთანხმებები, ლოგიკური არ არის“, - იტყობინება ირანის სახელმწიფო მედიასაშუალება.

Fars News-ის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ირანი ომის დასრულებამდე სტრატეგიული მიზნების მიღწევას გეგმავს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მარტს განაცხადა, რომ როგორც აშშ-ს, ასევე ირანს „შეთანხმების დადება“ სურთ. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისი წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მონაწილეობდნენ დისკუსიებში, რომლებიც, მისი თქმით, ირანის ინიციატივით დაიწყო. მან არ გაამხილა, ირანის კონკრეტულად რომელ მაღალჩინოსანთან აწარმოებდა აშშ მოლაპარაკებებს. 

CNN-ს ორმა რეგიონულმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-მა ირანს პაკისტანის მეშვეობით ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა გადასცა. მათი თქმით, პუნქტებს შორისაა თეირანის თავდაცვითი შესაძლებლობების შეზღუდვა, მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა და ისრაელის არსებობის უფლების აღიარება.