Loading data...
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპი ირანზე დარტყმებს მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს მთელი ღამის განმავლობაში მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს მართავდა, როდესაც ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“  დაიწყო. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ტრამპი ასევე ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როდესაც საჰაერო დარტყმები მიმდინარეობდა. 

„პრეზიდენტი ტრამპი მთელი ღამის განმავლობაში მარ-ა-ლაგოდან თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებთან ერთად აკვირდებოდა სიტუაციას. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა“, - წერს ლევიტი X-ზე.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, დარტყმების განხორციელებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კონგრესის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. რუბიომ „რვაკაციანი ჯგუფის ყველა წევრს დაურეკა კონგრესისთვის შეტყობინების მისაწოდებლად და მან რვა წევრიდან შვიდთან დაკავშირება და ინსტრუქტაჟის ჩატარება შეძლო“, - აღნიშნა მან.

„პრეზიდენტი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მთელი დღის განმავლობაში გააგრძელებენ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“, - დასძინა ლევიტმა.